left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს

„ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმის შეფასებისას. მისივე თქმით, გამოძიება ყველაფერს სრულად დაადგენს.

შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შემოპარების ორგანიზების ფაქტი გაიხსენა.

„გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. შეგახსენებთ, როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. ამ ოპოზიციამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით ქვეყანაში შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ. დღესაც უფროსის მოადგილის პოზიციაზე არის გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის ფარულად შემოპარვა. მანამდე მიხეილ სააკაშვილი ევროპის დედაქალაქებში იმყოფებოდა და მას სხვა დროსაც წითელ ხალიჩებს უგებდნენ და ისე ეგებებოდნენ.

ვნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი. კინაღამ საქართველო ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში. რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ახლა ამ საქმეს იძიებს და ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა აქ სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ბოლოს ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში.

ამიტომ ამ ოპოზიციისგან ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ისინი რაიმეზე უკან დაიხევენ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი – ქვეყნის ღალატის, სხვა ჯგუფების და გარე ძალების ინტერესში დგომის ხელწერილს და ამ პირობას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი არის, რომ მოიცილონ ყველანაირი მორალური ზღვარი და შებოჭვა და წავიდნენ ყველაფერზე. ამიტომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ასევე იხილეთ