leaderboard_below_slide
left_sabechdi

რისგან შედგება მარტორქის რქა?

მარტორქა ერთადერთი ცხოველია, რომლის რქა მთლიანად კერატინისგან შედგება.

მარტორქის რქა არ არის ბალნისგან წარმოქმნილი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს.

ის კერატინის მჭიდროდ შეკრული ბოჭკოებისგან შედგება. კერატინი არის ცილა, რომელსაც შეიცავს ადამიანის თმა და ფრჩხილები, ცხოველის ბრჭყალები და ჩლიქები, ფრინველის ბუმბული, მაჩვზღარბას ეკლები და ჯავშნოსნებისა და კუს ბაკანი.

მარტორქა ერთადერთი ცხოველია, რომლის რქა მთლიანად კერატინისგან შედგება; მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ცხვრის, ანტილოპისა და ჟირაფის რქებისგან განსხვავებით, მარტორქის რქას ძვლოვანი გული არ გააჩნია. მკვდარი მარტორქის ქალას არაფერზე ეტყობა, რომ მას ოდესმე რქები ჰქონდა, სიცოცხლეში ისინი კანის გაუხეშებულ კოპზეა მიმაგრებული, ცხვირის ძვლის ზემოთ.

ზოგჯერ რქა ძვრება ან ზიანდება, თუმცა ახალგაზრდა მარტორქებს შეუძლიათ სრულიად აღიდგინონ იგი. არავინ იცის რქის დანიშნულება, თუმცა მდედრებს, რომლებსაც ის მომძვრალი აქვთ, არ შეუძლიათ შთამომავლობაზე სათანადო ზრუნვა.

მარტორქა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველია, ძირითადად მათ რქებზე მოთხოვნილების გამო. აფრიკული მარტორქების რქებს დიდი ხნის განმავლობაში ეტანებოდნენ, როგორც სამკურნალო საშუალებას, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით იემენში. მისგან ხანჯლის ტარსაც აქტიურად ამზადებდნენ. 1970 წლიდან 67 050 კგ მარტორქის რქა გაიტანეს იემენში. ერთი რქა საშუალოდ 3 კილოგრამს იწონის, გამოდის, რომ ისინი 22 350 მარტორქას მოაჭრეს.

ასევე მცდარია შეხედულება, რომ მარტორქის რქა პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას წარმოადგენს. სამკურნალო მცენარეების ჩინელ სპეციალისტთა თქმით, ეს არასწორია; მას გამაგრილებელი ეფექტი უფრო აქვს, ვიდრე გამახურებელი. მას იყენებენ სისხლის მაღალი წნევისა და ციებ-ცხელების სამკურნალოდ.

სახელწოდება „Rhinoceros“ (მარტორქა) მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან rhino (ცხვირი) და keras (რქა). ამჟამად, მარტორქის ხუთი სახეობა არსებობს: შავი, თეთრი, ინდური, იავის და სუმატრული. იავური მარტორქის მხოლოდ სამოცი ინდივიდია შემორჩენილი, რის გამოც ის მეოთხე ადგილზე დგას მსოფლიოში გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რიგში – ვანკუვერის კუნძულის ზაზუნას, სეიშელის კუნძულების ღამურასა და სამხრეთ ჩინური ვეფხვის შემდეგ.

თეთრი მარტორქა თეთრი არ არის. სახელწოდება წარმოსდგება აფრიკაანსის დამახინჯებული სიტყვიდან „wyd“, რაც „განიერს“ ნიშნავს. ეს ცხოველის პირს უფრო ეხება, ვიდრე გარშემოწერილობას – თეთრ მარტორქებს არ აქვთ მოძრავი ტუჩი, რასაც შავი სახეობის წარმომადგენლები ხის ტოტების მოსაძოვად იყენებენ.

მარტორქებს ყნოსვისა და სმენის შესანიშნავი უნარი აქვთ, თუმცა ძალიან ცუდი მხედველობით გამოირჩევიან. როგორც წესი, ისინი მარტოხელა ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ შესაწყვილებლად ერთიანდებიან.

დამფრთხალი მარტორქები დიდი რაოდენობით შარდავენ და ისაქმებენ. თავდასხმისას აზიური მარტორქები იკბინებიან; აფრიკული მარტორქები კი ტარანზე მიდიან. შავ მარტორქას, მიუხედავად მოკლე ფეხებისა, 55კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ასევე იხილეთ