leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა, ღირსებით სიარული ევროპისკენ, აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ დაიწყო რიტორიკის შეცვლა, თუმცა შინაარსობრივად არაფერი შეუცვლიათ

„ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსებით სიარული ევროპისკენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ დაიწყო რიტორიკის შეცვლა, დღეს ეს ქურქი მოისხეს, თუმცა შინაარსობრივად არაფერი შეუცვლიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, ეს ფარისევლური ცვლილებაა.

ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ყველას ახსოვს კამპანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩაღდა საქართველოში.

„ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ორკესტრირებული და თანმიმდევრული კამპანია გაჩაღდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ უწესებს საქართველო პირდაპირ სანქციებს რუსეთს, რატომ არ აგზავნის მთავრობა თავისი ორგანიზებით მოხალისე მებრძოლებს უკრაინაში, რატომ არ გადავცემთ საბჭოური წარმოების დროინდელ იარაღს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაშინვე ვთქვით, რომ ეს იქნებოდა დამანგრეველი შედეგების მომტანი საქართველოსთვის არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ მძიმე პოლიტიკური შედეგების მომტანი იქნებოდა და პირდაპირი სამხედრო აგრესიის გამომწვევი მიზეზიც გახდებოდა. რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო სექტორები არათუ განცხადებებს აკეთებდნენ, მიტინგს მიტინგზე აწყობდნენ, დეპეშას დეპეშაზე აფრენდნენ უცხოეთში, მიიღეთ რეზოლუციებიო, დაგმეთ და დააბულინგეთ, ზეწოლა განახორციელეთო. ფიქრობდნენ, ასეთი უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული საქციელით მოსახლეობას აიყოლიებდნენ. ერთი ქვეყნის მიმართ აგრესიული ომი როცა იწყება, ბუნებრივია, პროტესტი გიჩნდება. ჩვენმა სახელმწიფომ ეს პროტესტი თავიდანვე ყველა პოლიტიკურ დონეზე დააფიქსირა და გამოხატა, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, მაგრამ მათი და დამკვეთების მიზანი სულ სხვა იყო – უნდოდათ, საქართველო კიდევ ერთი ცხელი წერტილი გამხდარიყო, რკალი შეკრულიყო.

ეს არ გამოუვიდათ, არჩევნებიც ახლოვდება და, რა თქმა უნდა, მარტო რუსული კანონის ლოზუნგით ვერ გავლენ. ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება, ღირსებით სიარული ევროპისკენ, აქედან გამომდინარე, დაიწყეს რიტორიკის შეცვლა, რომ პატივს სცემენ ქართველი ხალხის სურვილს, იყოს მშვიდობა, ვაჭრობა, ურთიერთობა სტაბილურ ვითარებაში. მათ დღეს ეს ქურქი მოისხეს, რადგან ხედავენ, რომ მათი რეიტინგები, ამომრჩეველთან სასაუბრო ენა მწირია. ამიტომაცაა ფარისევლური ცვლილება მათ რიტორიკაში. მხოლოდ რიტორიკის დონეზე ცვლილებაა, შინაარსობრივად არაფერი შეუცვლიათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ