ნინო წილოსანი: აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც მიმდინარეობდა რიგ შემთხვევაში რუსთაველზე მარშის სახით, თავად ლგბტ თემის ბევრი წარმომადგენელი არ ემხრობოდა
„მათი ლგბტ თემის უფლებები კანონის დონეზე დაცულია და ვფიქრობ, ფართო ჩართულობის შედეგად შესაძლებელია არ გადავლახოთ ფრთხილი ზღვარი, რომელიც არსებობს უფლებების დაცვასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.
„ქვეყნის და საზოგადოების საერთო ღირებულებები არაერთ კონსტიტუციურ, თუ სხვა საკანონმდებლო ფორმატშია გაწერილი. ეს არის ქალის და კაცის ოჯახური ღირებულება. ყველაფერი ამის საწინააღმდეგოს პროპაგანდა ვერ იქნება თავსებადობაში იმ ღირებულებებთან, რომელიც გვაქვს. ქვეყანაში, სადაც საზოგადოების უმეტესი ეკლესიას მისდევს, არაერთხელ ყოფილა უკმაყოფილება და მოთხოვნა ამ ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით. ღირებულების დაცვის დროს აუცილებელია არ შეილახოს არცერთი ჯგუფის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, რაზეც გუშინ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. ინიციატივა, დამუშავების ფაზაშია, უმრავლესობის ფორმატში არანაირი მონახაზი არ წარმოგვიდგენია. თავისთავად იმ პრინციპებით უნდა იყოს შემუშავებული, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლება იყოს დაცული. აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც მიმდინარეობდა რიგ შემთხვევაში რუსთაველზე მარშის სახით, თავად ამ თემის ბევრი წარმომადგენელი არ ემხრობოდა და ხშირ შემთხვევაში თავად ტრიალდებოდა ლგბტ თემის წინააღმდეგ. ვისურვებდი, რომ არავის გამოეყენებინა ამ ადამიანების ინტერესები ბოროტად. ლგბტ თემის უფლებები კანონის დონეზე დაცულია. ეს ინიციატივა უკვე საჯაროდ გაცხადდა და ვფიქრობ, ფართო ჩართულობის შედეგად შესაძლებელია არ გადავლახოთ ფრთხილი ზღვარი, რომელიც არსებობს უფლებების დაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა წილოსანმა.