“როგორც მოჭიდავეთა ნაკრებში, მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში ყველა არის იდეალური, შემთხვევით აქ არავინ არის მოხვედრილი”, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას აქვს ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი თუ ბოლომდე იბრძოლებენ.
“ასე მგონია, რომ ამ ოლიმპიადიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობით მედლებს ჩამოვიტანთ. მეორედ ვიღებ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე. პირველად რვა წლის წინ ვიასპარეზე, 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშები უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, ეს თუ გადალახე და დააჯერე საკუთარი თავი, რომ ეს არის ჩვეულებრივი შეჯიბრი, ბევრად უფრო ადვილი საჭიდაოა, კონკრეტულად ჩვენს სპორტზე ვამბობ, ვიდრე მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატი.
მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო ბევრი სპორტსმენი გვხვდება, უფრო ბევრი შეხვედრის მოგება გვიწევს. აქ ოთხი შეხვედრა გიწევს, რომ გახდე ჩემპიონი და ამიტომ უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვაა.
ზოგჯერ ოლიმპიური თამაშები უფრო რთული გვეჩვენება, მაგრამ როდესაც მონაწილეობა უკვე გაქვს მიღებული, შემდეგ რომ აანალიზებ, ხვდები, რომ ყველაფერი შესაძლებელია“, – აღნიშნა რობერტ კობლიაშვილმა.