leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გუჯეჯიანი: ამ ორი დღის განმავლობაში უმედლოდ დავრჩით, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მრჩება

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, გიორგი სარდალაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მედლების მოპოვება ვერ მოახერხეს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი აქვს და ჩვენი გუნდი მიზანს მაინც მიაღწევს:

„სიმართლე გითხრათ, ორი დღის ჯამში, იმედგაცრუებული ვარ. არა მარტო ძიუდოში, არამედ ქართულ დელეგაციაში ერთ-ერთი წამყვანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ ამ ორი დღის განმავლობაში – გიორგი სარდალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, მაგრამ უმედლოდ დავრჩით.

სპორტია, მესმის, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მე პირადად მრჩება და ვფიქრობ, რომ იმ მიზანს, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, აუცილებლად მივაღწევთ. წინ კიდევ ექვსდღიანი ბრძოლა გვაქვს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

29 ივლისს, პარიზში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე იხილეთ