„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, საქართველო 2008 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით მიჰყვებოდა ე.წ. სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, რომელიც ჩვენი უცხოელი, დასავლელი პარტნიორების რჩევით მიმდინარეობდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
„ამ პოლიტიკას ქვეყანა მიჰყვებოდა 14 წლის განმავლობაში, 2022 წლის თებერვლამდე. ამ დროს უცებ აღმოჩნდა, რომ შეგვეცვალა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა ესკალაციის პოლიტიკით, რომ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან.
მაშინ როდესაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდნენ, ამით ჩვენ გვიბიძგებდნენ ესკალაციისკენ და მოგვიწოდებდნენ, შეგვეცვალა პოლიტიკა ესკალაციით, რასაც ვიცით, რაც შეიძლება მოჰყვეს. მინიმუმ საპასუხო ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთს შეუძლია, მთლიანად ჩაკეტოს ვაჭრობა და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რაც პირდაპირ იქნებოდა ქართველ გლეხზე ზეწოლა, ვინაიდან ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქტი არის ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქტები და პირდაპირ გააღატაკებდა ქართველ გლეხს და ეს იქნებოდა ზოგადი ზეწოლა ეკონომიკაზე. -18% ვარდნა იქნებოდა, უფრო მაღალი ეკონომიკური კრიზისი გვექნებოდა ჩვენ, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო.
მეორე მხარეს ყოველთვის იყო ის ბოროტება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია ჰქვია. მაშინაც იყო მცდელობები, რომ საზოგადოება დაებნიათ, დაშლილიყვნენ გარკვეულ ნაწილებად, თითქოს არსებობდა რაღაც სხვადასხვა ძალები და ამას გვარწმუნებდნენ. მათ შორის მათი უცხოელი მფარველებიც ამას გვეუბნებოდნენ, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში პლურალიზმი იყო, იმიტომ რომ ბევრი პარტია იყო და ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს ერთი ქოლგაა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ხომ ყველამ დაინახა, რომ ეს სიმართლე იყო, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ სინამდვილეში ამ 13 პარტიის, თუ რაც იყო, მათი გამაერთიანებელი არის ერთი იდეოლოგია „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთი პრინციპი, რაზეც დგას საერთო ჯამში ეს იდეოლოგია, ეს არის უცხოური დაკვეთების შესრულება.
დღეს სინამდვილეში ბრძოლა არის არა ხელისუფლების მოპოვების მხრივ, მათი გაცხადებული დეკლარაცია თუ ქარტია, რასაც ხელი მოაწერეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით. ისინი არ ქმნიან ხელისუფლებას, ისინი არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. მათი გაცხადებაა, რომ მათ გააკეთონ დროებითი ტექნიკური მთავრობა და ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა იმუშაოს. მათ სურთ არა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ძალაუფლების ბერკეტის მოპოვება და ეს იქნება არა თვეების ან კვირების, დღეების საკითხი იქნება, რომ საქართველო გაიღვიძებს ომის ქარ–ცეცხლში“,– აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში “იმედის კვირა”.