ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ჰეპატიტებსა და მათ გამომწვევ დაავადებებზე, ცნობიერების ამაღლება იყო.
ახალციხეში გამართული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკრინინგისა და ჰეპატიტების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე. Სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, ამ მიმართულებებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით კი, რეგიონებში, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჰეპატიტების სამკურნალო პროგრამების წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედიკოსები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამ მიმართულებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინიციატივები და მისი ღვაწლი.
ღონისძიებაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და მისი შედეგები წარმოადგინა. აღსანიშნავია, პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და მასში შემავალი სერვისები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მკურნალობა უკვე დაასრულა 84 000-მდე მოქალაქემ, მათი განკურნების მაჩვენებელი 99%-ია.
მოწვეულ სტუმრებს, B ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა დეტალურად გააცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამიამ. ასევე, აღსანიშნავია, რომ B ჰეპატიტის მართვის პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პირველ ეტაპზე, პაციენტები, ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, რეგიონის მასშტაბით, პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები. ასევე – ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.