“კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება,” – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ განაცხადა.
„ვფიქრობ, ცხადია, რომ თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება“, – აცხადებს ლეონ პანეტა.
მისივე თქმით, პუტინის უმთავრესი მიზანია, შეარყიოს დემოკრატია აშშ-ში და ასევე ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც.
„მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაზვერვის ასპარეზზე გავატარე, ვიღებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებდა ვლადიმირ პუტინი. ცხადი იყო, რომ პუტინს უმთავრესი მიზანია, შეარყიოს დემოკრატია შეერთებული შტატებში, და ასევე ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც. ეს არის მისი მთავარი მიზანი და ცხადია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავის ზრახვებში წარმატებას ვერ მიაღწევს“, – აღნიშნა ლეონ პანეტა.