„საერთაშორისო არბიტრაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საუკუნის პროექტის მიმართ ხაზარაძის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ქვეყანას დააკარგვინა წლები, შემოსავლები და უამრავი სამუშაო ადგილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხაზარაძე სამპროცენტიან რეიტინგსაც დაკარგავს, რადგან არავის ეპატიება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
„რა უდროო დროს ჩამოკრა ზარმა „ლელოს“ თავზე, წინასაარჩევნოდ კიდევ ეგ უნდოდათ? სამი პროცენტი ჰქონდათ და ახლა საერთაშორისო სასამართლომ, საერთაშორისო არბიტრაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ხაზარაძის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საუკუნის პროექტის მიმართ ქვეყანას დააკარგვინა ის წლები, შემოსავლები და ჩემს საქართველოს კიდევ უამრავი სამუშაო ადგილი. თავის დროზე გვარამია იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ხაზარაძე საქართველოს წინააღმდეგ – ყველა ჯერზე საერთაშორისო არენაზე საქართველომ გაიმარჯვა და ასე გაიმარჯვებს მომავალშიც, განსაკუთრებით, 26 ოქტომბერს. დღემდე გამარჯვებული ვართ, რადგან ამ უსამშობლოებს არ მივეცით საშუალება, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთით ემართათ ეს ქვეყანა. ასე რომ, ჩვენ გავიმარჯვებთ, როგორც ახლა გაიმარჯვა საქართველომ და კიდევ ერთხელ დამარცხდა უსამშობლო, უცხო დაკვეთის მომლოდინე ხაზარაძე და მისი გუნდელები, „ნეონაცები“ და „ნაცები“, კოლექტიური „ნაცების“ მათი სახელი. სწორედ ეს არის კიდევ ერთხელ მანიშნებელი, რომ რასაც ვამბობთ, ეს იყო სწორი, სიმართლე, რომ ხაზარაძემ თავისი მერკანტილური დამოკიდებულებით უამრავი შემოსავალი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას – საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლიის პორტი და მისი მშენებლობა. დღეს ჩვენ უნდა ვიღებდეთ მესამე თუ მეოთხე ფაზის ღრმა და დიდ ტვირთებიან გემებს. ეს დააკარგვინა ხაზარაძემ, მაგრამ ქართველი ხალხი ამ პროცენტებსაც დააკარგვინებს, რადგან არავის ეპატიება ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და იმ პროექტების მიმართ“, – განაცხადა ზარქუამ.