მანანიკო ნამორაძე: დღეს, 2024 წლის 30 ივლისს, ნოშიკო ნამორაძე გაამართლეს და მოუხსნეს ის მუხლი, რომელსაც 16 წლის მანძილზე ვატარებდით
„მამა, მე შენი მჯეროდა, მჯერა და ყოველთვის დავიჯერებ! ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის გამარჯვებული იქნები, რადგან ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ დაგიკარგავს საკუთარი მეობა!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის შვილი, მანანიკო ნამორაძე წერს:
„ირაკლი კოდუას პირადი ინტერესით და დავალებით, 2008 წლის სექტემბერში, სახლში შემოგვივარდნენ და მამაჩემს 20 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო მაშინ. 20 წელს ან უვადოს უსჯიდნენ, 260-ე მუხლის მიხედვით, ჰეროინის შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავებოდნენ.
ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ არასოდეს ნარკოტიკთან არ ჰქონია შეხება.
ამ მუხლის სანაცვლოდ, ყველაფერი დაგვათმობინეს, მათ შორის კომპანიის წილები, ნახევარი მილიონი მიგვატანინეს და ფაქტიურად ქუჩაში დაგვტოვეს, უყველაფროდ.
დღეს, 2024 წლის 30 ივლისს, ნოშიკო ნამორაძე გაამართლეს და მოუხსნეს ის მუხლი, რომელსაც 16 წლის მანძილზე ვატარებდით.
ოჯახს ეჭვი არასდროს შეგვპარვია მის სიმართლეში, მაგრამ დღეს იმ ემოციებმა გაიღვიძა ჩემში, რაც 16 წლის წინ მქონდა, ეს ტრამვა არასდროს გაქრება, მაგრამ დღეს ისეთი ბედნიერები ვართ, ღირდა ეს 16 წელი ლოდინად!
მადლობა სასამართლოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული!
მამა, მე შენი მჯეროდა, მჯერა და ყოველთვის დავიჯერებ! ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის გამარჯვებული იქნები, რადგან ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ დაგიკარგავს საკუთარი მეობა!
მადლობა უფალს! სამართალმა პური ჭამა!” – წერს მანანიკო ნამორაძე.