მაია ომიაძე: ჯეიმი ოლივერის მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ მედია პლატფორმებით იმოგზაურონ საქართველოში, რაც ბევრ ტურისტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„ბრიტანულ მედიაში უკვე დაიწყო ცნობილი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის კამპანია. როგორც იცით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ის საქართველოს სტუმრობდა, გაეცნო ადგილობრივ გასტრონომიას, შეფ-მზარეულებს, ქართულ ტრადიციებს სუფრისა და გასტრონომიის შესახებ. ჯეიმი ოლივერი მთელ მსოფლიოს მოუყვება საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ, სადაც გასტრონომიის განსაკუთრებული კულტურა აქვთ. საკმაოდ ხანგრძლივი კამპანიაა. ორი, სამი თვის განმავლობაში, ბრიტანელ და ევროპელ ონლაინ მომხმარებლებს, მაყურებლებს შესაძლებლობა
აქვთ ჯეიმი ოლივერის არხების საშუალებით, მედია პლატფოებით იმოგზაურონ საქართველოში. ეს კამპანია ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას და ძალიან ბევრ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო სულ ცოტა ხნის წინ NATIONAL GEOGRAPHIC-ის გასტრონომიის ფესტივალის მონაწილე გახლდათ, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული გასტრონომია. დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია და ჩვენ სისტემატურად გარკვეულ კამპანიებს ვახორციელებთ, რაც წარმატების მომტანი იქნება. ეს კამპანია საქართველოში ძალიან ბევრ საერთაშორისო მოგზაურს ჩამოიყვანს“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
ჯეიმი ოლივერი საქართველოს კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. შეხვდა შეფ-მზარეულობს და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება აქვთ
თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.