ფინანსთა სამინისტროში ევროკომისიის ექსპერტებთან ერთად 2024-26 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი განიხილეს
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე 2024-26 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტის განხილვა შედგა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში ევროკომისიას წარუდგინა 2024-26 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისთვის. სწორედ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები იყო განხილული ევროკომისიის ექსპერტების მიერ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
„ეს იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი. განვიხილავთ ვარიანტებს, თუ როგორ შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყანა ევროკავშირის ბაზრის გამოწვევებს და ერთიან ბაზარზე ინტეგრირდეს. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესს ფინანსთა სამინისტროდან ვიწყებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია საქართველოში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა.