ბელარუსმა მხატვარმა ალექსეი კუზმიჩმა საფრანგეთში ვინსენტ ვან გოგის საფლავის გათხრა სცადა. ამ პერფორმანსის ამსახველი ვიდეო მან საკუთარ YouTube-არხზე გამოაქვეყნა.
კუზმიჩი ქალაქ ოვერ-სიურ-უაზის სასაფლაოზე თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა, სახეზე კი თეთრი საღებავი ესვა. იმ მომენტში სასაფლაოზე რამდენიმე ტურისტი იმყოფებოდა.
„მოგესალმებით, მეგობრებო. თქვენ აქ სევდით ავსებულები მოხვედით. თქვენი მესმის. ჩემთვისაც აუტანელია ისეთ სამყაროში ცხოვრება, რომელშიც მხატვრები გათავდნენ. მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება“, – მიმართა მათ კუზმიჩმა, რის შემდეგაც ნიჩაბი აიღო და ცნობილი მხატვრის საფლავის გათხრა დაიწყო.
მან განაცხადა, რომ მალე ვან გოგი სამყაროში დაბრუნდება და მხატვარს ადგომისკენ მოუწოდებდა. კუზმიჩმა აქციაში მონაწილეობა ტურისტებსაც შესთავაზა, თუმცა მათ ეს არ მოისურვეს. მალევე ადგილზე პოლიცია მივიდა და კუზმიჩი დააკავეს. იმ დროისთვის მან ორმოს გათხრა უკვე მოასწრო, თუმცა კუბომდე ვერ მიაღწია.