leaderboard_below_slide
left_sabechdi

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან ერთად რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა.

რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ; გაიმართა რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმ რეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

„დღეს აღვნიშნავთ რეინჯერთა მსოფლიო დღეს. მინდა მივულოცო თითოეულ რეინჯერს დღევანდელი დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის. რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ჩვენი გმირი რეინჯერების ხსოვნას, ვინც ამ საქმიანობას შეეწირნენ და ყველაზე უკეთესი, თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ამ საქმისთვის. ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას  500-მდე რეინჯერი ემსახურება. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი ინფორმირება. ეს არის, მე ვიტყოდი, საპატიო საქმე და სახელმწიფო ზრუნავს და აუცილებლად იზრუნებს, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები, აღჭურვილობა, სოციალური გარანტიები და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ საქმიანობა და იყვნენ დაფასებულები“, – განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც ოთარ შამუგიამ.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 24 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული450 რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 13%-ზე მეტია.

მიმდინარე წელს რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში გაიმართა.

ასევე იხილეთ