leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტში პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო დიასპორული პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა. მან დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროცესში ეკლესიის როლზე.

„ეს არის განსაკუთრებული პროექტი. გამოხატულება იმისა, თუ რამდენად თავდადებული და პატრიოტი ადამიანები გვყავს საზღვარგარეთ, რომლებიც ჩვენს ბავშვებს არ აძლევენ საშუალებას, ქართული ენა დაივიწყონ. მსურს, ასევე ეკლესიის როლს გავუსვა ხაზი. ეკლესიის ჭერქვეშ ერთიანდება ყველა ადამიანი, რისთვისაც  ჩვენი ეკლესიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში უდიდესი ღვაწლია გაწეული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ  განაცხადა, მსგავსი პატრიოტული პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით,   ხელისუფლების მიზანი არის დიასპორელების სამშობლოში დაბრუნება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების.

„პარლამენტის სასახლეში გრანდიოზული მოვლენის მომსწრე გავხდით. მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და ჩემს კოლეგებს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისათვის.  ეს არის ღრმა შინაარსის მქონე პატრიოტული პროექტი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვები გაერთიანდნენ და მონაწილეობა მიიღეს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, მათ წარმოდგენა ჰქონდეთ როგორ ელოდება საკუთარი ქვეყანა მათ დაბრუნებას. საქართველო გელოდებათ, საქართველოს უყვარხართ, საქართველოს არასოდეს ავიწყდებით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიებაზე  პროექტის მონაწილეები და ორგანიზატორი – ნიდერლანდებში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი  თიკა სვანიძე-ვენკო დაჯილდოვდა.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების, ბელგიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და აზერბაიჯანის (საინგილოს) ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

მრავალი წელია, რაც ნიდერლანდებში ქართული დიასპორული თემის ჩართულობით, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება.  აღნიშნული თემის წარმომადგენლებთან პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე) ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის – „დაბრუნება“, თეატრალური სტუდია „ArtPlaza“-ს და რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის ერთობლივი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „HELLADOS“-ის – მიხედვით.

ასევე იხილეთ