„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოაქვეყნოს არჩევნების დეტალური შედეგები სრული გამჭვირვალობით
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოაქვეყნოს არჩევნების დეტალური შედეგები სრული გამჭვირვალობით. ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Infobae ავრცელებს.
„მოვუწოდებთ კომპეტენტურ ორგანოებს, გამოაქვეყნონ არჩევნების დეტალური შედეგები სრული გამჭვირვალობით და ვთხოვთ საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გაუზიარონ ყველა ინფორმაცია ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს“, – ნათქვამია G7-ის მინისტრების განცხადებაში.
ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, ნიკოლას მადურომ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 51.20%, ხოლო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ – 44.2%.
ორშაბათს ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.