ირაკლი ღარიბაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე: აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, ამ მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ერთი მხრივ ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, ამ მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„გადახედეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს. ბაღებსა და სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ რომ შეიცვალოთ. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ჩვენ გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ მე გავახმოვანე ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რომელთაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.