ირაკლი კირცხალია საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე: კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისგან
“კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისგან”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოსთვის დახმარების შეჩერების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
“აქ თანხებზე და თანხის ოდენობაზე არ არის საუბარი. აქ არის დამოკიდებულებებზე საუბარი. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ ერთი წლის თავზე, როგორც კი მსოფლიოში შეიცვლება ომის რიტორიკა და გადაიყვანს ყველა წამყვანი ქვეყანა სამშვიდობო პოლიტიკაზე თავის მსჯელობებს და სტრატეგიას, საგარეო სტრატეგიას, ჩვენთან მიმართებაში მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულებები, რიტორიკაც ევროკავშირიდან ჩვენი მეგობრების მხრიდანაც და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც“, – აღნიშნა მან.