left_sabechdi

The Telegraph: იტალიელმა მოკრივე ქალმა პარიზის ოლიმპიადაზე 46 წამში ბრძოლა წააგო მეტოქესთან, რომელმაც გენდერული კუთვნილების ტესტი ვერ ჩააბარა

იტალიელმა მოკრივე ქალმა ანჯელა კარინიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ორთაბრძოლა ალჟირელ იმანე ხელიფთან 46 წამში წააგო, რადგან ძლიერ დარტყმებს ვეღარ უძლებდა. ინფორმაცია ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ალჟირელმა მოკრივემ ორჯერ ვერ გაიარა გენდერული კუთვნილების ტესტი, შესაბამისად, გაურკვეველია ის ქალია, თუ კაცი. შესაძლოა, ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხელიფს ქალისთვის უჩვეულოდ ძლიერი დარტყმა ჰქონდა, რასაც იტალიელი მოკრივე ვერ უძლებდა.

„მე გამოვედი რინგზე მოკრივის ვალის მოსახდელად, ვცდილობდი, მებრძოლა, მიუხედავად ყველაფრისა. მე გამარჯვება მინდოდა. როცა ცხვირში მეორედ მომხვდა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, მივედი ჩემს მწვრთნელთან და ვუთხარი: „საკმარისია“, – ციტირებს გამოცემა იტალიელ მოკრივეს.

კარინი იმდენად იყო იმედგაცრუებული და გაბრაზებული, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, – აღნიშნავს The Telegraph.

ბრიტანული ტელეარხი Sky News კი, თავის მხრივ წერს, რომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნიუ დელიში იმართებოდა, ხელიფი ტურნირიდან მოიხსნა, რადგან კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებული ტესტოსტერონის კვლევა ვერ გაიარა.

ამ ფაქტმა რიგით ადამიანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი თვლის, რომ ალჟირელი მოკრივე ბიოლოგიურად მამაკაცია და მას სქესი აქვს შეცვლილი.

უკმაყოფილება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმაც ვერ დამალა. „ანჯელა კარინისა და მის ალჟირელ ოპონენტს, იმანე ხელიფს შორის ბრძოლა გვიჩვენებს, თუ რა ხდება, როცა გენდერული იდეები უკიდურესობამდე მიდის“, – განაცხადა მელონიმ.

იტალიის მთავრობის თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ ალჟირელ სპორტსმენს მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები აქვს. „ვფიქრობ, რომ სპორტსმენები, რომლებსაც აქვთ მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები, არ უნდა დაუშვან ქალთა შეჯიბრებებზე. არა იმიტომ, რომ გვსურს ვინმეს დისკრიმინაცია, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ ქალი სპორტსმენების უფლება, შეძლონ ასპარეზობა თანაბარ პირობებში“, – დასძინა მან.

ოლიმპიური კომიტეტის სპიკერმა მარკ ადამსმა კი აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ოლიმპიადაში მონაწილეობას ქალთა კატეგორიაში იღებს, ოლიმპიადისთვის განსაზღვრულ წესებს აკმაყოფილებს. ისინი საბუთებით ქალები არიან.

ასევე იხილეთ