CNN: პატიმართა გაცვლის ოპერაციის შედეგად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი რუსეთში დააბრუნეს
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი რუსეთში დააბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებდა.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა.
„ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაცვლის ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა შვიდი სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია, რუსეთი და ბელარუსი) ციხეებში მყოფი 26 პატიმარი, ხუთშაბათს ანკარაში თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამმართველოს შუამავლობით განხორციელდა“, – ნათქვამია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.
Bellingcat ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.