ჯანდაცვის მინისტრის მოულოდნელმა(?!) გადადგომამ ერთი, ადრე გამოქვეყნებული „მოგონება“ გამახსენა…
ისე, მოულოდნელი, შესაძლოა, სხვისთვის იყო, თორემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული „სკანდალი“ მინისტრის გადადგომით რომ უნდა დამთავრებულიყო, ეს პოლიტიკასა და მის ტექნოლოგიებში ოდნავ ჩახედულ-გარკვეული ადამიანებისთვის დღესავით ნათელი გახლდათ.
არ მინდა ამ „გადადგომის“ დეტალებში „ხეტიალი“. ამჯერად საინტერესო არ არის. ჩემი გადმოსახედიდან, მთავარია ამ მოვლენის გადამწყვეტი ფაქტორი: ხელქვეითებთან, საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობის, მათთან საერთო ენის გამონახვის, ნორმალური საუბრის უუნარობა(!!!)
მით უმეტეს, კოლეგებთან!
დიახ, პრინციპულია დრო და ვითარება, როცა ადრესატი ბრბო კი არ არის, არამედ… შენი(!) კოლეგები(!) არიან. თანაც, შენს პირისპირ საკმაო ხნის მანძილზე დგას ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი თანამოაზრეებისა, მოტივირებული, ჯანსაღი და მიზნისთვის მებრძოლი კოლექტივი!!!
ჰარი-ჰარად შეკრებილი კი არა, არამედ კოლეგების კოლექტივი!!!
მუნჯის ენა დედამ იცისო!
არ აღმოჩნდა ეს ანდაზა „ცოცხალი“ ამ შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრმა ექიმის ენა ან არ იცოდა; ან ვერ გაიგო; ან „ბრმა“ იყო, ან „ყრუ“…
ყველაზე საშინელი კი, შესაძლოა, ის ვითარება იყოს, რომ მინისტრი ნებსით თუ უნებლიეთ, ან, რაღაც ინტერესის გამო, წარმოგვიდგა სხვისი(!!!) ნების თუ დაკვეთის შემსრულებელი… თოჯინა!
არ ვიცი, დაბეჯითებით ვერც ვერაფერს ვიტყვი ან ვინმეს დავაბრალებ რაიმეს. უბრალოდ, ასეთ დასკვნა-ვარაუდებამდე მხოლოდ თეორიული მსჯელობით ან მოარულ ხმებზე დაყრდნობით შეიძლება მივიდეს კაცი. გამიხარდება (ვიმედოვნებ), თუ მსგავსი ვარაუდი ძირფესვიანად გამოირიცხება.
მთავარი და პრინციპული კი მაინც ერთი დასკვნაა. თანაც, ტრადიციული, თითქმის უნივერსალური, მსგავსი, რა მიზეზითაც გამოიხატა ცალკეული პიროვნული თუ ჯგუფური უკმაყოფილება თბილისში… ახმეტაში… თუნდაც, ბათუმში!..
გახსოვთ, ალბათ, ლამის ქალაქი რომ გადაწვეს პოლიციელების სულ უბრალო სიბრიყვის გამო, როცა დაჩაგრულ მამა-შვილს გამოესარჩლა ნორმალურ მოქალაქეთა ელვისებურად შეკრული ჯგუფი, რომლის საფუძვლიანი(!) უკმაყოფილება გადაიზარდა ისეთ დამანგრეველ აგრესიაში, რომლის განეიტრალებისთვის სახელმწიფოს „სპეცნაზის“ ძალა დასჭირდა.
დიახ, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვერ ვგრძნობთ ან ანგარიშს არ ვუწევთ საზოგადოებრივ აზრს, მის მოთხოვნილებას.
აი, ამ უნარის დეფიციტს, ზოგჯერ კი მის უგულებელყოფას, მწარე გამოცდილებით (ჩემი პირადიც) ვიცით, მოაქვს საშინლად ცუდი შედეგი. ჩვენს შორეულ თუ ახლო წარსულში ამის მაგალითები იშვიათად როდი მოინახება…
რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ გაღვივებული „სკანდალი“ კი საბოლოოდ განეიტრალდა პრემიერის მიერ ორგანიზებული „დიალოგით“(!), კონსენსუსით, დაპირისპირებულ მხარეთა მისაღები შედეგით, რისი მიღწევაც, როგორც ჩანს, შესაძლებელი იყო შედარებით უმტკივნეულოდ, გაცილებით ადრე, თუკი მავანს მოეკითხებოდა ცოტა უფრო მეტი ჭკუა-გონიერება…
ანუ, მორიგი გაკვეთილი მიიღო მთავრობამაც და საზოგადოებამაც. ვნახოთ, როდემდე გვეყოფა საკუთარ(!) შეცდომებზე მიღებული გამოცდილება.
ახლა რაც შეეხება დაპირებულ „მოგონებას“.
გამგებმა გაიგოს!
* * * *
რა გავაკეთე ან რა გავაფუჭე?!
(ციკლიდან „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“)
************************************
1951 წლის ზაფხულში, სტალინი, ცოტა ხნით, დასასვენებლად ეწვია საქართველოს…
მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის, პარტიული მაღალჩინოსნების და მისი ბავშვობის მეგობრების მოგონებები ამ ისტორიული ფაქტის შესახებ.
საინტერესოა ამ შეხვედრების ზოგიერთი დეტალი, რომელიც არ მოხვედრილა მემუარულ ლიტერატურაში.
ერთ-ერთი ეხება გარდაცვლილ ძველ რევოლუციონერს, რკინიგზის სახელოსნოების (შემდგომ, ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხანა) მუშას, რომელიც ბელადმა განსაკუთრებული სითბოთი მოიგონა. საუბრის დასასრულს მან იკითხა, თუ დარჩა ვინმე ოჯახის წევრი ან ახლობელი ამ ღირსეულ და დამსახურებულ კაცსო…
გასაკვირი არ იყო, რომ დამსწრეთაგან ვერავინ გასცა ზუსტი პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ…
დილით, საუზმისას ბელადს მოხსენდა, რომ მის გარდაცვლილ თანამებრძოლს დარჩა ძმისშვილი, რომელიც იმხანად იმავე ქარხნის მოწინავე ხარატი გახლდათ. სტალინმა კვლავ არ დაიშურა თბილი სიტყვები წარსულის მეგობრის მიმართ და მიანიშნა, რომ ასეთი ადამიანების ოჯახებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, შთამომავლობას კი – ხელშეწყობა პროფესიული თუ კულტურული ზრდისთვის.
ეს მინიშნება, რა თქმა უნდა, დირექტივად იქნა აღქმული და…
სულ მალე ძველი რევოლუციური ოჯახის სისხლის და ხორცის აღმასვლაც დაიწყო, მით უფრო, რომ მისი შრომითი საქმიანობა და წესიერება იძლეოდა სამართლიან საბაბს, ქვეყანას სამაგალითოდ მოვლენოდა მუშათა კლასიდან დაწინაურებული ახალი საზოგადოებრივი ფიგურა.
ამ პროცესს დრო დასჭირდა, ერთ წელიწადში ეს ხარატი საქართველოს პროფკავშირების ლიდერადაც „აკურთხეს“.
არ გასულა ახალ ამპლუაში ყოფნის ორიოდე თვეც კი და ყველასთვის მოულოდნელად სტალინი გარდაიცვალა.
ბერიას მითითებით და მისივე კონტროლით საქართველოში უმალ დაიწყო სტალინის დაწინაურებული კადრებისგან გათავისუფლება, ანუ, ანგარიშსწორება.
სამ-ნახევარ თვეში ბერიაც დახვრიტეს და ხრუშჩოვის მიერ დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელობამ სტალინური კადრების „წმენდას“ ბერიასეულიც მიაყოლა თან.
და, რა თქმა უნდა, გაიხსენეს სტალინის მინიშნების შედეგად დაწინაურებული ის ყოფილი კარგი ხარატი, რომლის მოხსნაც ბერიას „მრევლმა“ უბრალოდ ვერ მოასწრო…
ერთი სიტყვით, დადგა მისი თავიდან მოშორების ჯერიც.
კომპარტიის ცეკას ბიუროზე, რომლის წევრიც ყოფილი ხარატი უკვე გახლდათ, მას გამოუცხადეს, რომ უნდა დატოვოს თანამდებობა. ეს კი უთხრეს, მაგრამ მიზეზს ვერავინ ამბობს: როგორი სათქმელია, იმიტომ გხსნით, რომ სტალინი იყო შენი რეკომენდატორიო…
ყოფილმა ხარატმა დამუნჯებულ და უხერხულობაში ჩავარდნილ კოლეგებს თავად გასცა პასუხი:
რატომ მხსნით, ამ ორ-სამ თვეში რა გავაკეთე ან რა გავაფუჭეო?!
გეყურებათ – რა გავაკეთე ან რა გავაფუჭეო!!!
ხარხარში გადაზრდილი სიცილი და… ყოფილი ხარატი დატოვეს თანამდებობაზე. რამდენიმე წელს იმუშავა, მერე კიდევ უფრო მაღლა გადაიყვანეს იმ შენობაში, ახლა რომ პარლამენტია.
დიდი კაბინეტის უკან ოთახი იყო, სადაც იდგა პატარა ჩარხი და ახლა უკვე ძალიან დიდი მაღალჩინოსანი „თავისუფალ“ დროს ჩხირკედელაობდა რაღაც-რაღაცებს, ამ „პროდუქციას“ სიამოვნებით ჩუქნიდა თავის იშვიათ სტუმრებს…
მართლა კარგი კაცი იყო მიხეილ ლელაშვილი, საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე (ახლანდელი გაგებით, საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი).
რამ გამახსენა 73 წლის წინანდელი ეს ისტორია?
რამ და, ყოველივე ეს გონებაში ამოტივტივდა მაშინ, როცა გავიგე, თანამდებობა მოულოდნელად დაუტოვებია განათლების, კულტურის და კიდევ რაღაცების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.
ჰოდა, უმალ გამახსენდა ზემოთ მოტანილი ისტორიის გმირის – ყოფილი ხარატის, უპატიოსნესი და უკეთილშობილესი კაცის საპასუხო შეკითხვა, როცა მოსთხოვეს ნებით თანამდებობის დატოვება: ამიხსენით, რა გავაკეთე ან რა გავაფუჭეო?
არა მგონია, რაიმე მსგავსი შეკითხვა დაესვა წესიერ, კეთილშობილ კაცად ცნობილ ბატონ მიხეილ ბატიაშვილს იმ მომენტში, როცა პრემიერს მიმართა პოსტიდან ნებაყოფლობით, „საკუთარი განცხადებით“(!!!) გადადგომის თხოვნით.
მაგრამ ვისურვებდი, რომ მინისტრობის (დეპუტატობის, მერ-გამგებლობის და ა.შ) კანდიდატებმა დანიშვნამდე გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და…
აი, მაგ კრიტიკულ მომენტში, როცა გთავაზობენ „ხელმწიფისტოლა კაცის“ პოსტს, გაბედე და საკუთარ თავს დაუსვი ერთი „მძიმე“ შეკითხვა…
იკითხავთ, რა… როგორი?
დავესესხები მეოცე საუკუნის ერთ ბუმბერაზ კაცს და ჩვენ თემას რომ მიესადაგება, ერთ ღიმილიან 70-წლოვან ისტორიასაც გავიხსენებ:
სტალინ-ბერიას ლანძღვა-დაგმობის პერიოდში, მეცნიერებათა აკადემიის მორიგი არჩევნებისას, ცეკას დავალებით „გააშავეს“ დიდი ქართველი მოაზროვნე შალვა ნუცუბიძე.
მეორე დღეს, დედაუნივერსიტეტში, ერთმა „მეგობარმა“ პროფესორმა, რომელიც სწორედ ამ არჩევნებისას და სწორედ ცეკას პროტექციით „გაძვრა“ აკადემიის რიგებში, იქედნურად, დამცინავად მიმართა „დამარცხებულს“: რაო, შალვა, რატომ ისევ არ აგირჩიეს აკადემიკოსადო?
შალვა ნუცუბიძემ ყველას გასაგონად „ხურდა“ დაუბრუნა „ხუმარას“: უმჯობესია შეგეკითხონ, რატომ არ აგირჩიეს, ვიდრე გაოცებულებმა გკითხონ… რატომ აგირჩიესო!!!
გეყურებათ, მომავალო კანდიდატებო: ნუ გააოცებთ გარშემო მყოფთ, ვინც კარგად გიცნობთ, იცის თქვენი შესაძლებლობები, წარსული, „დიპლომიც“ ნანახი აქვთ თქვენი, „ბოტასებსაც ერთად იპარავდით“, კომაროვში თანაკლასელების ოინბაზობაც ახსოვთ და ხონშიც, შატალოზე ერთად დადიოდით და…
დროულად იკითხეთ: ხომ არ ცდებით, გააზრებული გაქვთ ის, თუ რატომ მნიშნავთ.ამ თანამდებობაზეო?
ეს გამოსაფხიზლებელი, თანაც, დროული და „თავმდაბლური“ შეკითხვა ყველას ააცილებს უხერხულობას და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, დამნიშნავ-რეკომენდატორისა და თანამდებობის მაძიებლისთვისაც…
ახლა ხომ ვარ ღირსი, ვინმემ შემომძახოს: ნეტარ არიან მორწმუნენიო…
კი, ვარ ღირსი!
ასე არ არის, გამოსაფხიზლებელი ტაშის დასაცხებად ყოველთვის მზად მყოფო კუკური?!