ირაკლი ჩიქოვანი: მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო – ის იყო გზირიშვილების საამაყო ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ოჯახის ორი წევრი დაკარგა
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედისა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბადრი გზირიშვილის მეუღლის, მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ქალბატონი მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო. ქალბატონი მარინა არის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა და აფხაზეთის ომში ასევე გმირულად დაღუპული ბადრი გზირიშვილის მეუღლე. ის იყო გზირიშვილების საამაყო ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ოჯახის ორი წევრი დაკარგა.
სწორედ ასეთ ოჯახებზე, აღმზრდელ დედასა და მეუღლეზე დგას ჩვენი სამშობლო. განცდილი ტრაგედიების მიუხედავად, ქალბატონი მარინა კვლავაც აგრძელებდა სხვა გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების გამხნევებას, მხარდაჭერას და ის თავდაცვის უწყებისთვის განსაკუთრებით საპატივცემლო ქალბატონი იყო. მისი გარდაცვალება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ოჯახისთვის. მინდა, გულითადად მივუსამძიმრო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.