leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა ნაცვლიშვილი: ჰოდა, სალამი პარიზელ ბუკინისტებს!

ჰოდა, სალამი პარიზელ ბუკინისტებს!

ჰოდა, ჯერ სულამანიძის თავგადასავალი არ გვქონდა მონელებული, როცა მეორე დილით მოვლენები ისე წარიმართა, რომ თუშიშვილის დისკვალიფიკაციის შემდეგ ქართველებს ძიუდოს დარბაზში აღარაფერი გვესაქმებოდა.

ჰოდა, მეც ავდექი და გულის გადასაყოლებლად პარიზელ ბუკინისტებს მივაშურე სიტეზე. ისედაც მქონდა მათთან საქმე. დიდი ხანია, ვეძებ ნიკო ნიკოლაძის ფრანგულად დაწერილ და 1875 წელს პარიზში გამოცემულ ბროშურას „ფრანგული პრესის დეკადანსი“. ამას გარდა დავეძებ გაზეთ „Les Lettres Françaises“-ის 1960 წლის 14 იანვრის ნომერს – ლუი არაგონის წერილით ადოლფ ჰოფმაისტერზე.

ჰოდა, სიტეზე იყო და, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არ შეავლო თვალი? ისე, თვალის შევლების გარდა, სხვას ვერც ვერაფერს მოახერხებ. ტაძარი დაკეტილია და ხარაჩოებშია ჩასმული. ხანძრის მერე ნოტრ-დამი არ მინახავს. თავის დროზე მეც გადმოვრიცხე ცოტაოდენი თანხა მისი აღდგენისათვის და ამის აღსანიშნავი სპეციალური მედალიონიც გამომიგზავნეს.

ჰოდა, ახლა სურათებს ვუღებ ყოველი მხრიდან და თითქოს ვამოწმებ, როგორ მიდის აღდგენის საქმე. ბუკინისტები კი სიტეს ორივე ნაპირზე ორჯერ შემოვიარე – ზოგი გვიან ხსნის თავის დახლს და მინდა ყველას ვკითხო ის ჩემი მთავარი საზრუნავი. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ერთი წიგნი ვიშოვე და ვერც მეორე გაზეთი. სამაგიეროდ, ნამდვილ ოლიმპიურ სამოთხეში აღმოვჩნდი – ოლიმპიადასთან დაკავშირებული ბუკინისტებს რაც რამ ჰქონდათ დახლებზე გამოეფინათ: წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, პლაკატები, საფოსტო მარკები, ღია ბარათები…

ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საუკეთესო ოლიმპიური ბიბლიოთეკა და კოლექციები მაქვს და ბევრი რამ, რაც განსაკუთრებით საინტერესო ვნახე ბუკინისტებთან, მაქვს კიდევაც, ზოგიერთმა გამოცემამ თუ საკოლექციო ნივთმა განსაკუთრებით მიმიზიდა. ყველაფერს, რაც მომეწონა, როგორ ვიყიდდი, მაგრამ რამდენიმე მაინც ავარჩიე და ვიყიდე.

ჰოდა, რა ვიყიდე და, 1952 წლის ოლიმპიადის გერმანული წიგნი შიგ ჩაწებებული ძალიან მაგარი შავ-თეთრი თუ ფერადი ფოტოებით. მათ შორის არის არსენ მეკოკიშვილის ჩემთვის უცნობი და, როგორც ჩანს, საერთოდაც იშვიათი ფოტო, სადაც მისი ჰელსინკური გამოსვლის ერთი მომენტია ასახული. ამას გარდა რა ვიყიდე და, ჟურნალ „Paris Match“-ის 60 წლის წინანდელი ორი სპეციალური ნომერი, რომლებიც ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადას ეძღვნება. და ბოლოს ოლიმპიური თემატიკის საფრანგეთის სამი საფოსტო გამოშვება თავ-თავიანთი კონვერტებით, პირველი დღის ბეჭდებითა და სპეციალური საკოლექციო ფურცლებით.

ჰოდა, მოვედი სახლში, ვათვალიერებ დღევანდელ ნადავლს, როგორც ლევან თაქთაქიშვილი ეძახის ასეთ იშვიათ საკოლექციო მასალას, და ძიუდოს ტურნირის ბოლო დღეზე ვფიქრობ. პირადი პირველობა მორჩა, როგორც მოსალოდნელი იყო, ტედი რინერმა გაიმარჯვა და ახლა გუნდური ასპარეზობაღა დარჩა. იმის მიუხედავად, რომ მძიმე წონაში თუშიშვილის ადგილს სულამანიძე დაიკავებს, იმედი მაქვს, რომ საქართველოს გუნდი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. პირველ ტურში იგი თავისუფალია, მეორეში თუ გაიმარჯვა, მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. და აქ ტედი რინერს შეიძლება უკვე ილია სულამანიძე შეხვდეს.

ჰოდა, რა და როგორ მოხდება დღეს, ყველანი ერთად ვნახავთ.

ასევე იხილეთ