არჩილ თალაკვაძე “დემოკრატიის ფესტივალზე”: საზოგადოებას როდესაც ასე უხეშად ატყუებ, ტყუილებს უარყოფითი გავლენა ექნება, რა თქმა უნდა, არჩევნებზე
“საზოგადოებას როდესაც ასე უხეშად ატყუებ, ტყუილებს უარყოფითი გავლენა ექნება, რა თქმა უნდა, არჩევნებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკაში” “დემოკრატიის ფესტივალთან” დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თელავში იმართება.
წამყვანმა მას ჰკითხა რას ფიქრობს იმაზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორი საუბრობდა, რომ ამ შეხვედრაში ტრიბუნა ეძლევა პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოკლედ გააცნონ ფესტივალზე მისულ მოქალაქეებს თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ჯერ მათ წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ კორუფციად შეაფასა.
„ძალიან მარტივია, რომ კიდევ ერთხელ ტყუილში ვამხილოთ ეს ოპოზიცია. პარლამენტი ჯერ კიდევ სესიაზე იყო, არ იყო დასრულებული საგაზაფხულო სესია, როდესაც დავიწყეთ ამნისტიის კანონზე მუშაობა და კენჭისყრა ჩავატარეთ. მაშინ გამობრძანდა იგივე ბატონი ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ არ დაწყებულა ჯერ წინასაარჩევნო კამპანიაო და ჩვენ თუ გახსოვთ, ბრალდებებს გვიყენებდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს ამნისტიის აქტიო. ახლა როდესაც თვითონ ჩაატარეს ფესტივალი, თან უცხოური ფულით, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის არჩევნების პრინციპებთან, ამბობენ, რომ ჯერ არ დაწყებულა საარჩევნო კამპანიაო. რეალურად, ვინც თვითონ არიან, ის ჰგონიათ მთელი საზოგადოება. ამით სადამდე მივიდნენ 9 არჩევნებში, ნახეს და ამ არჩევნებში მიიღებენ კიდევ უფრო უარეს შედეგს. საზოგადოებას, როდესაც ასე უხეშად ატყუებ, ტყუილებს უარყოფითი გავლენა ექნება, რა თქმა უნდა, არჩევნებზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა.