leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში.

„მისი ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს. 2009 წელს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების უმთავრესი ინიციატორი, გულშემატკივარი და წარმატებით განმახორციელებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის პანდემიის მართვის პროცესში. თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

თენგიზ ცერცვაძეს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

თენგიზ ცერცვაძე 1 აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე იხილეთ