მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და ყველანაირი სახე აქვს დაკარგული
“ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო, პარტიული აქტივობის ნაწილი”, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მან თელავში „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩატარება შეაფასა.
„სამწუხარო თვალის სადევნებელია, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და პრაქტიკულად, ყველანაირი სახე აქვს დაკარგული იმ თვალსაზრისით, რომ ის ნეიტრალურ სამოქალაქო სექტორად ითვლებოდეს. სამწუხაროა, ამის თვალის დევნება, მაგრამ, ეს სამწუხარო ქართული რეალობაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.