მიხეილ სარჯველაძე არბიტრაჟში ხაზარაძე-ჯაფარიძის წაგებაზე: მთავარი პოლიტიკური განაცხადი აღმოჩნდა აბსოლუტურ სიყალბეზე დაფუძნებული
“მთავარი პოლიტიკური განაცხადი აღმოჩნდა აბსოლუტურ სიყალბეზე დაფუძნებული”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ანაკლიის საქმეზე საარბიტრაჟოს სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის წაგების შესახებ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს, მის სტრუქტურებს ამუნათებდნენ და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყო ქცეული ეს მიმდინარე დავა. მთავარი პოლიტიკური განაცხადი აღმოჩნდა აბსოლუტურ სიყალბეზე დაფუძნებული. ეს გაიგო საზოგადოებამ. რასაც საზოგადოებას ეუბნებოდნენ წლების განმავლობაში აღმოჩნდა უბრალოდ მტკნარი ტყუილი”, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.