არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: დაველოდოთ გამოძიებას, მერწმუნეთ ვერავინ შეძლებს ამ გზით საქართველოს კურსი შეცვალოს, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული
“სუს-მა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერ ძალიან დეტალური გამოძიება სჭირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც ქვეყნის ხელისუფლებაზე და საზოგადოებრივ წესრიგზე თავდასხმა სურს, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
„ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს უსაფრთხოების სამსახურს, რომ ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე საუბრობენ და რატომ არაფერი მოხდაო. თავისთავად ასეთი ზედაპირული და სასაცილო არგუმენტი იშვიათად მოსაძებნია, იმიტომ არ მოხდა ის დანაშაულები, რომ იყო პრევენცია და დროულად დაწყებული გამოძიება. ამ შემთხვევაშიც, როგორც აშკარად ჩანს, სუს-მა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დეტალური გამოძიება სჭირდება. ვისაც თავდასხმა სურს ქვეყნის ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და საზოგადოებრივ წესრიგზე, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. დაველოდოთ გამოძიებას, მერწმუნეთ ვერავინ შეძლებს ამ გზით საქართველოს კურსი შეცვალოს და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება“, – აცხადებს თალაკვაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.