კირ სტრამერი: ყველა, ვინც ძალადობრივ არეულობებში მონაწილეობს, ამას ინანებს, ეს არ არის პროტესტი, ეს არის ორგანიზებული, ძალადობრივი ბანდიტიზმი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ბანდიტები უწოდა და მათი რაც შეიძლება სწრაფად დასჯის პირობა დადო. ამის შესახებ განცხადება კირ სტარმერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მანამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა საგანგებო თათბირი გამართა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. სტარმერის თქმით, „ყველა, ვინც ძალადობრივ არეულობებში მონაწილეობს, ამას ინანებს“.
„ეს არ არის პროტესტი, ეს არის ორგანიზებული, ძალადობრივი ბანდიტიზმი და ამის ადგილი არც ქუჩებშია და არც ონლაინ სივრცეში“, – განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, არეულობა დიდი ბრიტანეთის ქალაქებში საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა.
ბოროტმოქმედი 17 წლის კარდიფში დაბადებული ახალგაზრდაა, რომელიც წარმომავლობით რუანდიდანაა. მომხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის არაერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.