ტრაპიზონში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო – თურქეთის რესპუბლიკის მორიგი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა
ქალაქ ტრაპიზონში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო – თურქეთის რესპუბლიკის მორიგი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან შერეული კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო თურქეთის მხრიდან – თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ტრანსპორტის რეგულირების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი – მურატ ბაშტორი.
ქართულ და თურქულ ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად, სხდომას ქვეყნებში რეგისტრირებული გადამზიდველთა ასოციაციების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, 2025 წლისთვის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზეც, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ სატრანსპორტო ოპერაციები თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
შეთანხმების თანახმად, ქართული მხარე თურქეთის მხარისგან მიმდინარე წელსვე მიიღებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტების დამატებით რაოდენობას.
კომისიის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსაც, იდენტიფიცირდა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი პრაქტიკული ღონისძიებები. მოხდა შეთანხმება არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ნებართვების რაოდენობის გაზრდის თაობაზეც.
შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება ქვეყნებს შორის არსებულ სანებართვო დოკუმენტაციის ეტაპობრივ გაციფრულებასთან მიმართებითაც.