leaderboard_below_slide
left_sabechdi

CNN: ბრიტანეთში მიგრანტების მოწინააღმდეგეები იმ სასტუმროებს დაესხნენ თავს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს ათავსებენ

დიდი ბრიტანეთის ქალაქებში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. როგორც CNN წერს, პროტესტის მონაწილეები იმ სასტუმროებს დაესხნენ თავს, სადაც უკვე წლებია, ადგილობრივი ხელისუფლება თავშესაფრის მაძიებლებს ათავსებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი ყველაზე მასშტაბური და სერიოზული სოციალური არეულობებია.

„ამბოხებულებმა ჩრდილოეთ ინგლისში, ცეცხლი წაუკიდეს და შეიჭრნენ იმ სასტუმროებში, სადაც თავშესაფრის მაძიებელ პირებს აბინავებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც CNN წერს, ძალადობის პროვოცირება მოახდინა მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში სამი ახალგაზრდა გოგონას დანით დაჭრამ.

„უკიდურესი მემარჯვენეები ამ ფაქტს ჩაეჭიდნენ და ააგორეს დეზინფორმაციის ტალღა, მათ შორის, მცდარი მტკიცებები იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი ემიგრანტი იყო, რათა ანტიმუსულმანური და ანტისაიმიგრაციო პროტესტის მობილიზება მოეხდინათ. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა“, – წერს გამოცემა.

CNN-ის ცნობით, პროტესტი მონაწილეებმა კვირა დღეს ვანდალურად შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს ჩრდილოეთ ინგლისის Holiday Inn-ის ორ სასტუმროს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პროტესტის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს ფანჯრები და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც, ერთი პოლიციელი დაშავდა.

„სასტუმროში შეშინებული დამსვენებლები და პერსონალი იმყოფებოდა“, – წერს გამოცემა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა დაგმო გასული შაბათ-კვირის ძალადობრივი საპროტესტო აქციები, რომელზეც სულ მცირე 147 ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, ძალადობაში მონაწილეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

ასევე იხილეთ