leaderboard_below_slide
left_sabechdi

WSJ: თეირანი სამოქალაქო ავიაციას აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცეს

თეირანმა სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები გააფრთხილა, უახლოეს მომავალში თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაფრთხილებას წინ უძღოდა ირანის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებული მუქარა ისრაელზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ამ ტიპის საავიაციო გაფრთხილება გამოიყენება სახელმწიფო საავიაციო ორგანოების მიერ საგანგებო ინფორმაციის მისაწოდებლად და სამოქალაქო ავიაციისთვის ფრენის აკრძალვას წარმოადგენს დამატებითი მითითებების ან დასაბუთების გარეშე“, – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს აგრეთვე განაცხადა, რომ შესაძლოა, თეირანმა ისრაელს 48 საათის განმავლობაში შეუტიოს. ხოლო როგორც WSJ აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, ირანის შეტევა ისრაელზე, სავარაუდოდ, აპრილის თვეში მომხდარი შეტევის მასშტაბის იქნება, როდესაც ქვეყნის მიმართულებით ერთდროულად გაუშვეს ასობით რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი.

ისრაელის განცხადებით, მზად არიან თავდაცვისთვის და ნებისმიერ შეტევას უპასუხებენ. ხოლო აშშ-მა დაადასტურა, რომ ისრაელს თავის დაცვაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა, „ჰამასი“ სწორედ მას ადანაშაულებს ჰანიეს ლიკვიდაციაში.

ასევე იხილეთ