ბექა ოდიშარია: იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას – დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან
“იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას, დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან. ოლიმპიადის წესებით, ეს აკრძალულიც არის! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც, ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება!”, – ეს განცხადება დღეს მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
“სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა ისეთი განცხადებებით დაიწყო, რომლის მიხედვით, ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, იყო გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“.