leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: ფიქრები ბრიფინგზე, რომელზეც არ წავედი…

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ფიქრები ბრიფინგზე, რომელზეც არ წავედი…

▪️”ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო”, – ყინჩად განაცხადა და დააყოლა – “საინტერესო დებატები გელითო”…

ის ვეღარ გაიხსენა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ წონით კატეგორიაშია ბიძინა ივანიშვილთან…

▪️ “თქვენმა ოცნებამო”,-თითქოს ნიშნი მოუგო ვახო ხუზმიაშვილს, არადა, სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებით გახდა პრეზიდენტი და უმადურობა სხვა კი არაფერია?!

▪️ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი პრესკონფერენცია მეგონა, მაგრამ თეა ადეიშვილმა გათქვა სალომეს საიდუმლო – “აქ “ქართული ქარტიის” გასააქტიურებლად შევიკრიბეთო”…

▪️ ადეიშვილმა მადლობაც გადაუხადა ზურაბიშვილს ქართულ პოლიტიკაში არსებობისთვის და ნამდვილად დაავიწყდა საკუთარი კუმირის, ნიკა გვარამიას ბინძური შეფასებები იმავე ზურაბიშვილისა…

ო, დრონი, ო, ზნეობანი…

▪️ ქარტიაზე საუბრისას მუქარაც გააჟღერა, – “ვინც არ შეასრულებს ქარტიის პირობებს, ჩემთან ექნებათ საქმეო” და ამ მუქარით პირდაპირ მიუთითა ოპოზიციას, მე ვარ და ჩემი ნაბადიო…

▪️ “პარტიებს ხალხი იმიტომ

აირჩევს, რომ გემოვნება გამოხატონ, თორემ ხალხი მათ კი არ აირჩევს, ევროპას აირჩევსო”, – ბრძანა სალომე ზურაბიშვილმა და მგონი, პარტიები ქალბატონ ზურაბიშვილს ბოზბაში და ჩიხირთმა ჰგონია…

თუ რამე უფრო კონკრეტულად ვერ გაიგე, ჩემო მკითხველო, ჩემი ბრალი არაა. ზუსტად ასე თქვა ქალბატონმა.

▪️ სხვათაშორის, რაც არ “ეპატია” ხუზმიაშვილს, “ეპატია” “ტვ პირველის” ჟურნალისტს.

დიახ, ხუზმიაშვილი მეორე კითხვის შეხსენებისას უხეში უარით გაისტუმრა, ხოლო “საკუთარ” პიარ-მანქანას სამ კითხვაზე გასცა პასუხი…

შერჩევითი სამართალი სხვა კი არაფერია, ქალბატონო?!
▪️ “ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, არც ჯანდაცვის და არც განათლების რეფორმის იმედი არ გქონდეთ. მთავარია, არ ვიკოჭლოთ, თორემ კულტურაზე არაფერს ვიტყვი, ეს უკვე კოჭლობა არ არისო”,- თქვა და გულწეფელად გითხრათ, ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ წულუკიანის ძვალი აქვს ყელში გაჩხერილი და ვერ მოუნელებია…

▪️ კანდიდატის სტატუსი ოცნებამ მიიღო, მაგრამ მაინც ანტიევროპული პარტიააო…

იქნებ შეგვახსენოთ, ქალბატონო, ასოცირების ხელშეკრულება ვინ გააფორმა და ვიზალიბერალიზაციის საკითხი რომელმა პარტიამ მოაგვარა?

ააა, არ გინდათ გახსენება?

კეთილი…

▪️ “ყველაზე არაპოპულარული პრემიერიო”, – ირაკლი კობახიძეზე თქვა და მაშინვე საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი გამახსენდა.

სწორედ იმ განაჩენის მერე იქცა ქალბატონი ზურაბიშვილი ე. წ. პრეზიდენტად.

ეს ვერ მოუნელებია.

არადა, მისი ინტელექტი ირაკლი კობახიძის ინტელექტამდე როცა მივა, იქ სხვისიც დაიკვეხნოს…

▪️ ზურაბიშვილის ჩიქორთულ ქართულზე შეგნებულად არ ვწერ.

უკვე შევეჩვიეთ და აზრიც არა აქვს.

რაც არ უნდა ვწეროთ და ვთქვათ, უნდა ვწეროთ და ვთქვათ.

და ზუსტად ისე, როგორც – “სადაც არ უნდა გათხაროთ, მაინც უნდა გათხაროთ”…

თუ როგორცაა, რა…

უბრალოდ, სირცხვილია და წერტილი.

▪️ “ტექნიკურ მთავრობაზე ჯერ ჭიდაობენო” – ოპოზიციაზე თქვა ირაკლი აბსანძის კითხვის პასუხად. შეეშალა.

კი არ ჭიდაობენ, ხელმარჯვეოსტატობენ, ქალბატონო.

აბა, გახარია და ხაზარაძე, მელია და გუბაზ სანიკიძე, ელისაშვილი და ხაბეიშვილი, გვარამია და ბოკუჩავა, ნათელაშვილი და კეზერაშვილი ერთ მთავრობაში, თუნდაც ტექნიკურში, – წარმოგიდგენიათ?

▪️ “ძალიან ბევრი მიმართულებაა ისეთი, სადაც შეიძლება დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ!”,- როცა ამ ფრაზას იტყვის ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი, იქ საუბარი ყველაფერზე ზედმეტია!

მართლა ზედმეტია იმაზე საუბარი, ვის იწვევს დებატებში, რა ენაზე საუბრობს და მისთანანი.

ეს განაჩენია!

განაჩენია საკუთარი თავისთვის გამოტანილი ე.წ. პრეზიდენტის მიერ!

ეს უკვე ღია მტრობაა საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი ხალხისა და იმ ამომრჩევლისა, რომელმაც ზუსტად ამ მთავრობის პატივისცემისა და მხარდაჭერის გამო მოგანიჭა ესოდენ საპატიო ტიტული!

არ თქვათ ახლა, არ დაუფიქრდა საკუთარ ნათქვამსო.

დაუფიქრდა და თან როგორ?!

დიახ, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ მოუწოდა უცხო ქვეყნის მთავრობას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასჯისკენ, რაც ცალსახად დანაშაულია ხალხისა და ისტორიის წინაშე!
▪️
ამ პრესკონფერენციაზე ნათქვამ ბევრ სისულელეზე და ბევრ აბსურდზე აღარ შევჩერდები. ჩემი მისვლაც ერთი კითხვით შემოიფარგლებოდა და ხუზმიაშვიკის ბედს გავიზიარებდი. არადა კითხვები იმდენი, რომ…

ერთი რამ კი სწორად აღნიშნა ქალბატონმა.

დიახ, 26 ოქტომბერი ნამდვილად რეფერენდუმის დღე იქნება.

ოღონდ დღე, როდესაც ქართველი ერი ხმამაღალ “არა!”-ს ეტყვის სააკაშვილის, ზურაბიშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ლომჯარიას, გახარიას, ხაზარაძის, მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, ხაბეიშვილის, გვარამიას, ხოშტარიას, გირჩი ჯაფარიძის და სხვა უსამშობლოთა ანტიქართულ მოძრაობასა და ხელისუფლების სათავეში იმ ჯალათებისა და სისხლისმსმელთა დაბრუნებას, რომლებსაც თავად სალომე ზურაბიშვილი წლების წინ ქაჯებს უწოდებდა!

ასეა, ქალბატონო სალომე და შეეგუეთ – თქვენი და ქაჯების დრო აღარ დაბრუნდება!”

 

ასევე იხილეთ