თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ინტენსიურად გრძელდება საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების თანადგომის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ყველა მონაწილის ერთობლივი ძალისხმევის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერის შედეგად, ამჯერად, მოხერხდა აფხაზეთის რეგიონიდან კიდევ 16 პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება. გულითადად ვუსამძიმრებ ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ყველას, ვინც დღეს ხელმეორედ განიცდის ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის დროს საკუთარი ოჯახის წევრის დაღუპვის დადასტურებით გამოწვეულ ტკივილს. საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით, ამ მძიმე დღეებში, განაგრძობს ოჯახების თანადგომას და მხარდაჭერას, ისევე როგორც მაქსიმალურ ძალისხმევას, შეძლებისდაგვარად, მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულის პირის მოძიების და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შემდგომი განმტკიცების მიზნით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. 4 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 621 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 316. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.