რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ისრაელისთვის თავშეკავებული პასუხის გაცემა სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ პუტინმა ამ გზავნილის გადასაცემად თეირანში სპეციალურად გაგზავნა რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი შოიგუ.
ირანული წყაროები, რომლებიც ესწრებოდნენ შოიგუს შეხვედრას ირანელ მაღალჩინოსნებთან, აცხადებენ, რომ მოსკოვმა თეირანს ურჩია, თავი აარიდოს თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
წყაროები ამტკიცებენ, რომ შოიგუს ვიზიტი მოსკოვმა გამოიყენა ირანისთვის თავშეკავების აუცილებლობის შესახებ მესიჯის გადასაცემად.