ბარსელონასა და პარი სენ ჟერმენის შემდეგ, „ნაპოლის“ 23 წლის ვარსკვლავით, ხვიჩა კვარაცხელიათი მიუნხენის ბაიაერნიც ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში გავრცელდა.
როგორც ადგილობრივი სპორტული გამოცემა წერს, ბაიერნი, რომელსაც არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვს, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გამოსავალს „კვარას“ გადმობირებაში ხედავს.
„მიმდინარე სეზონი ბაიერნისთვის ისე არ მიდის, როგორც ამას კლუბში ისურვებდნენ. იმისთვის, რომ მომავალი სეზონი სათანადოდ დაიგეგმოს, მიუნხენურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარაცხელიასთან დაკავშირებით მსოფლიოს საუკეთესო კლუბებიდან იღებს შემოთავაზებებს, უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ხვიჩა კვარაცხელიასთვის შესაძლოა ახალ კლუბში გადასვლის მომტანი აღმოჩნდეს.