ბლინკენი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ევრო-ატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში უცვლელი რჩება.
„ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების დაწესებას იქაურ მოსახლეობაზე, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ღონისძიებების გატარებით“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.