leaderboard_below_slide

გიორგი მამაცაშვილი: ბოდიშს გიხდით სააკაშვილის ხელისუფლების ნაცვლად!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ბიჭებო!

თქვე გმირებო!

თქვენ მოგმართავთ ახლა, ზეციურ სასუფეველში რომ დაიდეთ ბინა და ჩემი და ჩვენი სიცოცხლის სანაცვლოდ საკუთარი რომ გაწირეთ უანგაროდ!

მოგმართავთ და პატიებას გთხოვთ!
▪️
მე გიხდით ბოდიშს, ჩემო ძმებო!

ბოდიშს გიხდით სააკაშვილის ხელისუფლების ნაცვლად – თქვენი სახელების ცოდნის უფლებაც რომ არ მოგვცეს!

ბოდიშს გიხდით – თქვენი გმირობის ცოდნა რომ აგვიკრძალეს!
▪️
„ერთ-ერთ სოფელში, ტ-ზე იწყებოდა, თურმე, მისი სახელი, შუა ქუჩაში გდია 17 წლის მეომრის ცხედარიო”- ერთ-ერთი პოლიტოლოგი წერდა ორიოდე დღის წინ.

შენი მიტოვება გვაპატიე, 17 წლის გმირო!

იმ მოხუცსაც აპატიე, წინა ეზოდან რომ დაინახა შენი სხეული და სული ვერ გაგითბო…

იქნებ, როგორ უჭირდა მასაც…

აპატიე და გვაპატიე შენი უმანკო სულით!
▪️
ის საშინელი ფრაზა, ვიღაცამ რომ თქვა და მერე ვიღაცამ რომ დაწერა კიდეც – “ჩვენს მიცვალებულებს ძაღლები ჭამდნენო!” – აპატიეთ ერს, ბიჭებო!
▪️
ვინ იცის, რამდენი რამ დაგრჩათ საოცნებო და… თქვენს ნაცვლად ოცნება მაპატიეთ!
▪️
„საკუთარ ერს არ ებუტებიანო!” – ნათქვამია და არ გაებუტოთ ერს, რომელმაც ისიც კი არ იცის, ბევრი თქვენგანის ნაწამები სხეული დამწვარია თუ დღესაც მზის გულზე ასვენია გორისა თუ ცხინვალის ქუჩებში…

აპატიეთ, ერს, ბიჭებო!
▪️
ეს წერილი თქვენია.

თქვენი – ვისი არც სახელი ვიცი და, საუბედუროდ, არც ის, რამდენნი ხართ!

და მაინც…

რამდენნიც უნდა იყოთ…

ეს ცრემლი მაპატიეთ, ძმებო!

სააკაშვილის ხელისუფლებასაც აპატიეთ, გმირებო!

ერსაც აპატიეთ, ბიჭებო!

10 აგვისტო. 2008 წელი.

„ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ