leaderboard_below_slide
left_sabechdi

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოქტომბერში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პუტინი თუ ჩავა, მას არ დააპატიმრებს

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოქტომბერში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პუტინი თუ ჩავა, მას არ დააპატიმრებს. როგორც „როიტერი“ წერს, მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა უარყო უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, დაეპატიმრებინათ პუტინი.

„ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ეს არაა ჩვენი საქმე“ – განაცხადა ობრადორმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს უკრაინის საელჩომ მექსიკაში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც თხოვნით მიმართავს მექსიკის ხელისუფლებას, დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის მიიღებს მონაწილეობას მექსიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციის ცერემონიალში. ცერემონიალი პირველ ოქტომბერსაა ჩანიშნული.

„ჩვენ იმედი გვაქვს, მექსიკის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, რომლის დაპატიმრების განკარგულება ჰააგის სასამართლოს აქვს გაცემული“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ივნისში პუტინმა შეინბაუმს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მექსიკას ლათინურ ამერიკაში რუსეთის ისტორიულად მეგობრული პარტნიორი უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.

ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა არ მიიღო მონაწილეობა ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში. ესენია „ბრიკსის“ სამიტი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა და დიდი ოცეულის სამიტი ინდოეთში. პუტინი ასევე არ ჩავიდა თურქეთშიც.

ასევე იხილეთ