ილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს „კოსმოსიდან ულვაშების ატრუსვით“ დაემუქრა.
ამერიკელმა მილიარდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ქვეყანაში მასკის კუთვნილი სოციალური ქსელის, „იქსის“ მუშაობა 10 დღით შეაჩერა.
„ჩვენ მის ულვაშებს კოსმოსიდან ავტრუსავთ“, – დაწერა მასკმა მადუროს გამოსვლის ტრანსლაციის კომენტარებში.
მანამდე ვენესუელის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა რეკომენდაციით, რომ სოციალური ქსელი „იქსი“ დაბლოკოს.
მადუროს თქმით, ილონ მასკი ყველა ნორმას არღვევს, აღვივებს სიძულვილს, ფაშიზმს და სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენს.
ცნობისთვის, 28 ივლისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, რომელმაც, საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმები 51,95%-ი მიიღო. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ მიერ ჩატარებული ალტერნატიული დათვლის შედეგად გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია.
არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, დააკავეს 2 000 ადამიანი.
ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეერთებული შტატები და ილონ მასკი ცდილობდნენ.