„თუ კი ეს პროექტი ფინანსდება, რა საკვირველია, ეს არის სწორედ ის შეშფოთება, რაც აისახა იმ კანონში, რომელსაც ჰქვია „კანონი გამჭვირვალეობის შესახებ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის ტრენინგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტრენინგების მიზანი ახალგაზრდების მოტყუება და მათი ჩართვაა დესტრუქციულ პროცესებში.
„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ატარებს „გირჩი-ზურა ჯაფარიძე“ თუ „ზურა-გირჩი ჯაფარიძე“ და მისი ეს კომპანია, მათ შორის ხოშტარია რუსეთიდან დაფინანსებული თავისი ოჯახით, არის მიმართული იმისკენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციას ხელი შეუწყონ ახალგაზრდებმა. და ახალგაზრდები იყვნენ მოტყუებულები, გონება გამორეცხილები და ჩართულები იმ პროცესებში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარება საქართველოში. და თუ კი ეს პროექტი ფინანსდება, რა საკვირველია ეს არის სწორედ ის შეშფოთება, რაც აისახა იმ კანონში, რომელსაც ჰქვია „კანონი გამჭვირვალეობის შესახებ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საგურამოში, ლიბერალური აკადემია ლექცია-სემინარები დაიწყო, რომელსაც ნიკა გვარამიას პარტია „ახლის“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და ზურა-გირჩი ჯაფარიძის წარმომადგენლები ატარებენ. ტრენინგების თემატიკა მოიცავს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ იდეოლოგიებს. მონაწილეებს შორის არის პოლიციელზე თავდასხმისთვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისის დედა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა ტრენინგები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს მიზნად.