იტალიის თავდაცვის მინისტრი: იტალიის მიერ უკრაინისათვის მოწოდებული იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვითი თვალსაზრისით
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „არცერთი ქვეყანა არ უნდა შეიჭრას სხვა ქვეყანაში, ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა შევინარჩუნოთ ეს ხაზი“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
„ეს ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის თავდასხმა უნდა შეწყდეს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა აღდგეს. ჩვენ არ გვინდა კიდევ უფრო გამწვავებული კონფლიქტი, რომელიც გადადის რუსეთის ტერიტორიაზე და რომელიც სულ უფრო დაგვაშორებს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, რაც მშვიდობისკენ მიმავალი გზის წინაპირობაა“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ იტალიის მიერ უკრაინისათვის მოწოდებული იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვითი თვალსაზრისით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.