ირანი რუსეთს მალე ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ევროპულ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ირანში ათობით რუსი სამხედრო გადის მომზადებას Fath-360 ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის სისტემის გამოსაყენებლად.
სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს 13 დეკემბერს თეირანში.
სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ Fath-360 ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება საშუალებას მისცემს რუსეთს გამოიყენოს თავისი არსენალი ფრონტის ხაზის მიღმა მდებარე სამიზნეებისთვის, ხოლო ირანული რაკეტები გამოიყენოს უფრო ახლო მანძილზე მდებარე სამიზნეებისთვის.