ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.
ქართველი კანონმდებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებს მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეს, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
განსახილველ თემებს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგი, საქართველოს მნიშვნელობა ევროპის გეოპოლიტიკურ ჭრილში, ევროპარლამენტსა და საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი არჩევნების მოსალოდნელი შედეგები.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში მომზადდა ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის შესახებ ორი ანგარიში, სადაც ასახულია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში 17-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი მონაწილეობდა.