leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იღებს იმ ფორმას, როგორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე – პარტნიორული და არა პატრონული

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

მისი თქმით, ქართულ- ამერიკული ურთიერთობები იღებს ისეთ ფორმას, როგორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე. ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, აშშ-ს მხრიდან საქართველოს „ორპარტიულ“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით არჩევნებზეა გათვლილი და ამით მოუწოდებენ ქართველ ამომრჩეველს მხარი ოპოზიციას დაუჭირონ, რადგან ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჩიბურდანიძე წერს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად შეიცვლება აშშ-ს პოლიტიკა, საქართველოში ქართული ოცნების გამარჯვების შედეგად კი შეიცვლება მთლიანი რეგიონის პოლიტიკა მშვიდობისკენ.

„რატომ ელოდა ამერიკელი სენატორი და კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლების შეცვლილ პოზიციებს, გაურკვეველია. ნუთუ არ იყო გასაგები ჩვენი პრემიერის გზავნილი პარტნიორ სახელმწიფოსთან? რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაგები იყო მათთვის. ჩამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია გაემხნევებინათ წინასაარჩევნოდ და ეთქვათ, აქ თქვენ ხართ მთავარი, თუ ხმებს ვერ აიღებთ, ჩვენ ვერაფერს გიშველითო, მითუმეტეს “გამჭვირვალობის კანონის” ამოქმედების შემდეგ.

დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იღებს იმ ფორმას, როგორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე – პარტნიორული და არა პატრონული. ურთიერთობების გადატვირთვა, რომელიც პრემიერმა შესთავაზა ამერიკის ხელისუფლებას, მათთვის მისაღები უნდა იყოს, რადგან ჩვენს შორის წარმოქმნილი გარკვეული გაუგებრობები, დღემდე არასწორი ურთიერთობების შედეგია. სახელმწიფო იმართებოდა აგენტურით და არა ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკური გუნდით. გარდა ამისა, მსოფლიოში პოლიტიკური მოცემულობა იცვლება და ყველა ქვეყანა ცდილობს, ახალ პროცესებში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს, მათ შორის, საქართველოც.

რაც შეეხება ამერიკელი სენატორის და კონგრესმენის გზავნილს ქართველებისადმი, რომ ჩვენ ამერიკისგან “ორპარტიული მხარდაჭერა” გვაქვს, ესეც არჩევნებზეა გათვლილი და მიმართულია იმათკენ, ვინც ფიქრობს, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდება. “ორპარტიული მხარდაჭერით” ცდილობენ ამ მოლოდინების წაშლას და ირიბად მოუწოდებენ ქართველ ამომრჩევლებს, რომ თუ გსურთ ამერიკასთან ურთიერთობა, მხარი დაუჭირეთ ოპოზიციასო. ამ მესიჯის ქვეტესტი ის არის, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებით არაფერი შეიცვლება და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით კი – ყველაფერი.

რეალობა ის არის, რომ ამერიკაშიც და საქართველოშიც ამ არჩევნებით ბევრი რამ იცვლება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, არსებულ წამგებიან პოლიტიკას აუცილებლად შეცვლიან, სხვა შემთხვევაში ამერიკას სერიოზული საფრთხე ექმნება, როგორც ლიდერ სახელმწიფოს. ჩვენთან, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებით, შეიცვლება მთლიანად რეგიონის პოლიტიკა მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ. შეიცვლება თავად სახელმწიფოებრიობის აღქმის მენტალობა ქართველ ხალხში და საბოლოოდ განადგურდება მტრული ოპოზიციური ძალები.
ოქტომბერ-ნოემბრის არჩევნები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ორივე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ახალ სტანდარტებს ამყარებს“, – წერს ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ