leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძემ საფრანგეთში საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საფრანგეთში მოქმედ საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძე საკვირაო სკოლების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო. შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საკვირაო სკოლების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლები: „ლილე“ (ბორდო), „ფესვები“ (რენე), ქართული კულტურის კერა „ლაზი“ (პარიზი) და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული კულტურის კერა „ლაზი“ და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“ მოინახულა. გივი მიქანაძე აღნიშნულ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

საკვირაო სკოლა „თამარიონში“ ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა ანტონ კანდელაკმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, გივი მიქანაძე ქართულ დიასპორას შეხვდა.

შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის ორგანიზებითა და მონაწილეობით განხორციელდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან ერთად, თემატური მოკვლევის დაწყებას გეგმავს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროების შესწავლა.

 

ასევე იხილეთ