სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში, შვიდი ჰექტარია, ტყე-პარკი განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი. ასევე, გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები.
„პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, გარე განათება, საბავშვო ზონები. დაირგვება ხე-მცენარეები. მომავალ წელს კი, დარჩენილ ტერიტორიაზე იგივე სამუშაოები ჩატარდება. ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.