„ეს არის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აუცილებლად იქნება გამოძიებული არჩევნების შემდეგ.
„ცნობილი რეზოლუციის მე-11 პუნქტში ქართველ სამხედროებს რუს სამხედროებთან ერთად ომის დანაშაულში ადანაშაულებდნენ და ამისთვის ჰქონდათ მხარი დაჭერილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. აქამდე ამ პუნქტზე საერთოდ არ ვლაპარაკობდით. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით გაუფრთხილებლად დაბომბვამ ესკალაცია ახალ საომარ ეტაპზე გადაიტანაო, ამას დაუჭირეს მხარი. იმავე რეზოლუციაში ისიც წერია, რომ შესაძლო დანაშაულები ჩაიდინეს თითქოს ქართველმა სამხედროებმა, რეალურად კი, გმირებმა და ეს დადასტურდა სასამართლოებით. ბოლო „ნაცი“ რომ იყოს „ნაცმოძრაობის“, ყველაზე გამორჩეული რადიკალური წარმომადგენელი, დაიჯერებს, რომ ისკანდერის ნაწილები, რომელიც გამქრალი იყო წლების განმავლობაში, შემთხვევით გაქრა და სადღაც რომელიღაც ბაზაზე შემთხვევით იყო შენახული?! ამის დაჯერება შეიძლება, ხალხო? ხომ წარმოუდგენელი ამბავია. თუ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იქით ადანაშაულებდნენ ქართველ გმირებს ომის დანაშაულში, ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა – რაღაცის ჩაფარცხვა, გადაფარვა. ეს 7 აგვისტო საიდან მოვიდა?! ვინმემ პასუხი გასცა რატომ [აღნიშნავდნენ] წლების წინ 8 აგვისტო [ომის დაწყების თარიღად] და რატომ 7 აგვისტო ბოლო რამდენიმე წელია?! რის გადაფარვას, მიჩქმალვას ცდილობენ, რაშია საქმე?! მთელ მსოფლიოს რომ ანახეს 7 აგვისტოს ღამეს აქედან იქით [ცხინვალის] დაბომბვის კადრები, ეს რას ემსახურებოდა?! ამ ყველაფერზე პასუხი გაცემული არ არის და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.